“ივანიშვილი რუსული ოლიგარქიული ლოგიკით დასავლეთს აშანტაჟებს, რომ თუ ჩემს ფულს არ დამიბრუნებთ, ქვეყანას რუსეთისკენ წავიყვან” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ “პირველი ხაზის” ეთერში განაცხადა.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ივანიშვილის სახელმწიფო უზურპირებული აქვს და ქვეყნის მართვას მარიონეტებით ცდილობს.
მას პირად ანგარიშებზე შეექმნა პრობლემა კრედიტ სუისთან, რომელიც არის ყოვლად პიროვნული დავა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც სახელმწიფოსთან, არც გლობალურ შეთქმულებასთან. ის ორი თუ სამი მილიარდი, რომელსაც ედავება, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ზის ამერიკაში ან სადღაც ბრიუსელში და დარეკა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაატანოთ ფული და ახლა აშანტაჟებს თავისი რუსული, ოლიგარქიული ლოგიკით დასავლეთს, რომ მე თუ ჩემს ფულს არ დამიბრუნებთ მაშინ ქვეყანას წავიყვან რუსეთისკენ”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.
მიზეზად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის “არასანდო რეპუტაცია” დასახელდა.
2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.


















