20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ივანიშვილი პუტინის ინტერესებს ემსახურება”- ჯო უილსონი

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სწრაფი ტოტალიტარული შემობრუნების ნიშნებს ატარებს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

კონგრესმენმა პირდაპირ დაუკავშირა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ქმედებები კრემლის პოლიტიკას და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებით რუსეთი, ჩინეთი და ირანი სარგებლობენ:

„სამწუხაროდ, საქართველოს რესპუბლიკა განიცდის სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ კოლაფსს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლასა და სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობრივ ბოროტად გამოყენებას. ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს. არჩევნებში ჩარევით დემოკრატიული უკუსვლა ქმნის შესაძლებლობებს რუსეთისთვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანისთვის — ისინი მზად არიან ამის გამოსაყენებლად, რაც მკვეთრად ზრდის რისკებს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის.“

ჯო უილსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც გაყალბებული, სადაც უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემა ხელოვნურად შეიზღუდა. მისი თქმით, მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური დევნა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა სრულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს.

გარდა ამისა, ამერიკელმა პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ იზოლაციაზეც. უილსონის განცხადებით, ინსტიტუტების დასუსტება და დასავლური ნდობის დაკარგვა პირდაპირ აზიანებს „შუა დერეფნის“ პროექტს და აფერხებს პროგრესს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რომელიც გამჭვირვალობასა და სტაბილურობას მოითხოვს. კონგრესმენის შეფასებით, არსებული ავტორიტარული ტენდენციები სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობასაც.

banner
წინა სტატიაშიBBC: ტრამპი ადასტურებს, რომ მან ფიფა-ს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გადახედვა სთხოვა
შემდეგი სტატია“კვეთენ ყველა მორალურ და სამართლებრივ საზღვარს”- ვიქტორ ორბანი მადიარის მიერ პრეზიდენტის გადაყენების გეგმაზე