ივანიშვილი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლების გზებს ეძებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მალე შეიძლება თავისუფლებაზე ვიხილოთ. მმართველი პარტიის კულუარებში „თაიმერს“ განუცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს იპოვოს გზა, რომ ოპოზიციის ლიდერი ციხიდან გაუშვას. მისი მორჩილი სასამართლო, მისი მითითების საფუძველზე ექსმინისტრს უკვე გაამართლებდა, მაგრამ ივანიშვილს არ უნდა, რომ ოქრუაშვილი ციხიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

მთავარი მეოცნებე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საერთო ენის მოძებნას გავრილოვის ღამემდე ბევრად ადრე ცდილობდა. ეს ის დროა, როცა ოქრუაშვილმა პარტიის შექმნა დაანონსა. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ივანიშვილმა ოქრუაშვილთან საერთო ენის გამონახვა თავის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს დაავალა. მას ეს მისია საპატრიარქოს წარმომადგენლების დახმარებით უნდა შეესრულებინა. იქედან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ, რომ ეს ადამიანი დღეს ციხეში ზის, მასთან ივანიშვილმა საერთო ენა ვერ გამონახა.

გავრილოვის ღამის გამო მისმა დაკავებამ ბევრი ეჭვი გააჩინა. სხვა თუ არაფერი ოპოზიციის სხვა ლიდერები ოქრუაშვილზე მეტად იქნევდნენ ხელებს. სასჯელი კი მხოლოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ნიკა მელიას დაადეს. ამ უკანასკნელსაც სიამოვნებით დაიჭერდნენ, მაგრამ „ოცნების“ ლიდერი ამერიკამ კატეგორიულად გააფრთხილა. პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნას ისედაც დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა, დაჭერის შემთხვევაში მთლად ჩამოეშლებოდა „ოცნებას“ დემოკრატიის მაკიაჟი.

როგორც „ოცნების“ კულუარებში ყვებიან, მათი დევნის მიზეზი გახდა ის, რომ „ოცნების“ შიდა კვლევებით ორივე მათგანს ოპოზიციის სხვა ლიდერებზე მაღალი რეიტინგი აღმოაჩნდათ.

სხვათა შორის ისიც აშკარაა, რომ ოპოზიცია ამ ადამიანების გამო დიდად არ იკლავს თავს. მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა მოაწყო მატროსოვის ციხესთან აქცია და ოქრუაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. ნათელაშვილმა ისიც თქვა, რომ მე უფრო გვიანობამდე ვიდექი პარლამენტის წინ და მე უფრო დასაჭერი ვარო.

ოპოზიციის მხრიდან სერიოზული ზეწოლა რომ ყოფილიყო, არც მელია ივლიდა ელექტროსამაჯურით და არც ძვირფას ლითონთან გაიგივებული ლიდერი იჯდებოდა ციხეში.

ოპოზიციისგან განსხვავებით. საერთაშორისო თანამეგობრობაა მომთხოვნი. საკმაოდ დიდი იმის ალბათობა, რომ ევროპარლამენტარებმა გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად გამოაცხადონ. რაც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის.

მთავარი არხისთვის ოქრუაშვილის გამოგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ მასთან რაღაც მოლაპრაკებები მართლაც მიდიოდა და მას გარიგებას სთავაზობდნენ. ეს ამბავი ჯერ კიდევ აგვისტოში გახდა ცნობილი, თუმცა მმართველი პარტია  ამ ინფორმაციას უარყოფდა.

რაღაც რომ შეიცვალა, ეს „ოცნების“ ლიდერების კომენტარებიდანაც ჩანს. აქამდე თავდაუზოგავად ლანძღავდნენ ოქრუაშვილს, ახლა ცდილობენ აღარ ახსენონ. და რაც მთავარია, რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეიცვალა ვითარება. დიდი ალბათობით, სწორედ რუსთავი 2-ის გამო ზის ის ციხეში. ის ამ ტელეკომპანიაზე უარს არ ამბობდა.

მართალია რუსთავი 2 „ოცნებამ“ წაიღო და ხალვაშს გადასცა, მაგრამ ამის წყალობით ორი კრიტიკული ტელევიზია მივიღეთ – მთავარი არხი და ფორმულა. ხალვაშის ეფექტი ივანიშვილისთვის ეფექტური არ გამოდგა. და ალბათ ამიტომაც დაუყადაღეს ხალვაშს 60%-იანი წილი.

ამჯერად თავის წილს ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვენ. აშკარაა რომ ხელისუფლება აქაც დათმობაზე წავიდა. ევროპას რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც ბევრი კითხვები აქვს.

ასეთ ვითარებაში ოქრუაშვილის ციხეში დატოვება უკვე შარია. და როგორც თავში უკვე ავღნიშნეთ, ივანიშვილი მისი გათავისუფლების გზებს ეძებს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშილინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟოზე სამალავის მეშვეობით ერთ კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინა