ივანიშვილი „ოცნებას“ ორ თვეში დაშლის? – რას ამბობენ კულუარებში

როგოც იტყვიან, მონასტერი ძალიან აირია – მართალია, მმართველი პარტიის ელიტა არ აღიარებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული კრიზისია და უკვე ნათელია, რომ ივანიშვილმა შს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამ კრიზისის დასაძლევად დააბრუნა, თუმცა ილუზია, რომ ღარიბაშვილი პარტიულ კრიზისს დასძლევს, ალბათ, თავად იმ მცირერიცხოვან ადამიანებსაც აღარ აქვთ, რომლებიც თვლიან, რომ „ოცნება“ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსია.

ამასთან, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი კრიზისის დასაბრუნებლად კი არა, იმიტომ დააბრუნა, რომ „ოცნებაში“ არსებულმა შიდა დაპირისპირებამ პიკს მიაღწიოს და მმართველი გუნდი „გამოქკავშირების“, ანუ დაშლის გზას ბუნებრივად დაადგეს. ამ მეორე მოსაზრებაში ლოგიკა არის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რა პროცესები უძღოდა წინ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

„ოცნებაში“ ნაღმი ეკა ბესელიამ ააფეთქა. ყველაფერი კი, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის მიწურულს დაიწყო, როცა პარლამენტს უვადოდ დასანიშნი ათი მოსამართლის სია წარედგინა. თავად ბესელია აღარ უარყოფს, რომ ამ თემაზე „ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრა 26 დეკემბერს ჰქონდა და მოახერხა მისი დარწმუნება, რომ იმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, რომელთაც კობახიძე-ზარდიშვილი ლობირებენ, ძალიან ცუდი იქნებოდა. როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, 26 დეკემბერს ბესელია ივანიშვილს ტეტ-ა-ტეტ არ შეხვედრია და ამ აუდიენციას კიდევ ერთი ადამიანი ესწრებოდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ეს ადამიანიც დეპუტატია. წყარო გვიყვება, რომ ბესელიას, იმედი ჰქონდა, თუ ივანიშვილი მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს ისევ გადადგამდა, ეს დეპუტატი, რომელიც აუდიენციას ესწრებოდა, გამოვიდოდა და ღიად მოჰყვებოდა აღნიშნული შეხვდრის დეტალებს, მაგრამ ასე არ მოხდა, ანუ როგორც ირკვევა, ივანიშვილმა ბესელიას ჯერ პირობა მისცა, რომ მის მხარს დაიჭერდა და ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც ის იტყოდა, თუმცა ბოლო წუთს ეს პირობა დაარღვია და კობახიძე-ზარდიაშვილის მხარეს დადგა. ამის გამო მიიღო ბესელიამაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება, თუმცა ეს პროცესი დაახლოხებით, თვენახევრით გაიწელა .

სხვათა შორის, აღნიშნულ შეხვედრაზე ივანიშვილს ბესელიასთვის უკითხავს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავო და ამ უკანასკნელს უპასუხია, გამოსავალი იქნება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადავდგები, ასევე, გადადგება, ზარდიაშვილიც და კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე გახდებაო. თუ გავიხსენებთ, თავდაპირველად მოვლენები ზუსტად ასე განვითარდა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ბატონი ფოფხაძეც უკვე „ექსოცნებელია“.

ასევე, ყოფილ „მეოცნებედ“ მოიხსენიება ზვიად კვაჭანტირაძეც. „ოცნებას“ ისეთი „მეოცნებეებიც“ აკრიტიკებენ, როგორებიც არიან ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და სხვები. მაკრიტიკებელთა შორის გამოჩნდა პოეტი დავით მაღრაძეც, რომელიც ოლიგარქის საყვარელი პოეტია – რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ივანიშვილმა თავად თქვა, რომ მისი საყვარელი პოეტია გალაქტიონი და ასევე, მაღრაძე.

პოეტი მაღრაძე აქტიურობდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც და ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ აქცია-შეხვედრებისა, რომელსაც ე.წ. „2012“-ინები თბილისსა და რეგიონებში მართავდნენ და ხალხს არწმუნებდნენ, რომ ხმა გრიგოლ ვაშაძისთვის კი არა, არამედ, სალომე ზურაბიშვილისთვის უნდა დაეჭირათ.

აი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის მერე კი მაღრაძე მესამე ძალის შექმნაზე ალაპარაკდა. ამის თაობაზე მან მინიშნება რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთა. ამავე სატელევიზიო გამოსვლაში არც „ოცნებისთვის“ დაუკლია კრიტიკა მაღრაძეს.

ზოგადად, მესამე ძალას თავად „ოცნების“ მხარდამჭერებიც უკვე ხშირად ახსენებენ. ამ მხრივ დავით მაღრაძის გააქტიურებაც სიმპტომურია, ანუ ვინაიდან და რადგანაც მაღრაძე ივანიშვილთან დაახლოებულად ითვლება, შეიძლება, დავუშვათ, ვარაუდის დონეზე, რომ ივანიშვილი „ოცნებას“ მიზანმიმართულად შლის და იგივე ღარიბაშვილის დაბრუნება რაღაც ტრიუკია, ანუ, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ღარიბაშვილის ხელით მოხდება კობახძე-კალაძის კლანის განეიტრალება და, დაახლოებით, ორ თვეში „ოცნება“ თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავა.

ეს შეიძლება, ცოტა დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ „ოცნების“ არსებობის მანძილზე ბევრი მოულოდნელობის მომსწრენი გავმხდარვართ. ამიტომაც, ალბათობა ყველაფრისა არსებობს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში ჩავიდა
შემდეგი სტატიასაბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ხაზარაძეს არანაირი წერილი არ აქვს, რაზეც გახარიას თითის ანაბეჭდი იქნება