საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს და ამ პროცესში მოსამართლეების ჩათრევას ცდილობს, რასაც მკაცრი პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ არ გვიკვირს კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი. ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ, დანაშაულებრივ აქტში მონაწილეობას“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაა და საფრთხეს უქმნის უვიზო მიმოსვლასა და კანდიდატის სტატუსს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შუამდგომლობით პლენუმს 9 ოქტომბერს მიმართა. კობახიძის განმარტებით, ვინაიდან იგი წარსულში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრი, პარტიის თავმჯდომარე და ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, მისმა მონაწილეობამ შესაძლოა საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე ეჭვები გააჩინოს.
მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მანანა კობახიძე პროცესის განხილვაში დატოვა.















