ვახტანგ გომელაურის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ “ეტაპობრივად თამაშიდან გასვლას” და პროცესების ირაკლი კობახიძისთვის გადაბარებას უკავშირებს.
როგორც ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში აცხადებს, ქართველ ოლიგარქს სურს, კობახიძის სახით ჰყავდეს პიროვნება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ხელებს შეაწმენდს და მთლიან პასუხისმგებლობას მას აჰკიდებს.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ივანიშვილი ეტაპობრივად თამაშიდან გასვლას აპირებს და მთლიანად აბარებს კობახიძეს. ამაზე არაერთი შეფასება გაკეთდა, რადგან ივანიშვილს სურს ჰყავდეს პიროვნება, რომელსაც შეიძლება სამომავლოდ ხელები შეაწმინდოს. განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში არიან ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით უნდათ თანამდებობის დატოვება და სახლში წასვლა, იმიტომ რომ მათთვის დღეს თანამდებობაზე მუშაობა პასუხისმგებლობასთან ერთად არის უდიდესი ტვირთი. შესაბამისად, მისთვის ეს არის ძალიან დიდი ამოსუნთქვა, რომ გაეცალონ პროცესებს და ბუნებრივია, აბა რას იტყოდა გომელაური, შვილიშვილები უნდა გავზარდოო. სხვა რეალურ მიზეზებს არ დაასახელებს”, – ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.