ივანიშვილი დარწმუნებულია რომ 2024 წლისთვის ნაციონალური მოძრაობა დაიშლება

ყველა მიმართულებით რეიტინგშეზანზარებული “ოცნება” კატასავით ზურგზე არ ეცემა და შემდეგი არჩევნების მოგებასაც გეგმავს. ეტყობა მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ როგორც მადრიდის “რეალმა” მოიგო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, თავადაც ეგრე მოაგებინოს “ოცნებას” არჩევნები.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე ზედიზედ სამჯერ არჩევნები არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. შევარდნაძეც და სააკაშვილიც ორი წრის შემდეგ წავიდნენ. ივანიშვილს კი წასვლა აღარ უნდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს რომ ივანიშვილს არამცთუ მომდევნო, არამედ შეიძლება 2024 წლის არჩევნების მოგებაც მოისურვოს.
მისივე განმარტებით, ეს “ოცნების” ლიდერს საკუთარი თავის და ქონების გადასარჩენად სჭირდება.
– ივანიშვილს რამდენჯერმე უნდოდა საერთოდ გასცლოდა პოლიტიკას, მაგრამ მას როგორც რუსებთან ასევე ამერიკელებთან ვალდებულებები აქვს და ვერ წავა. წასვლის შემთხვევაში მან შეიძლება ქონება დაკარგოს.
ამერიკის და რუსეთის გარდა, მას სააკაშვილისაც ეშინია. იცის რომ თუ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მას მიშა ბევრ რამეს წაართმევს. ამიტომაც ნებისმიერი ფასად ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.
მას შეუძლია ნაციონალების ჩაძირვაც, მაგრამ არ აკეთებს, რადგან იცის რომ ასეთ შემთხვევაში ახალი ძალა დაიკავებს ოპოზიციურ ფლანგს. რომელმაც შეიძლება “ოცნებაც” გაასამართლოს და ნაციონალებიც, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო.
მისივე ინფორმაციით, ივანიშვილს 2024 წლამდე აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლებაში დარჩენა.
– ივანიშვილი დარწმუნებულია რომ 2024 წლისთვის ნაციონალური მოძრაობა დაიშლება. ასეთ შემთხვევაში ის მშვიდად წავა. თუ ასე არ მოხდა, 2024 წელსაც მოისურვებს გამარჯვებას, – აღნიშნავს წყარო.
ეს მოგება წინა მოგებების მსგავსად გაყალბებულს რომ არ ჰგავდეს, ივანიშვილი შეეცდება გუნდი უფრო ღირსეული სახეებით დააკომპლექტოს.
“ახალი თაობა” უკვე წერდა, რომ “ოცნების” ლიდერი სხვადასხვა ცნობად სახეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მთავარი მეოცნებეს გეგმაში პარტიების გადაბირებაც შედის.
“ოცნებაში” ამ თემებზე ჯერ ღიად არ საუბრობენ. გვპირდებიან რომ გუნდი სრილად გადახალისდება. ამის პირობა იმდენმა ადამიანმა დადო, რომ თუ ეგენი დარჩნენ “ოცნებაში” იქ გადამხალისებლის ადგილი ელემენტარულად აღარ იქნება.
მმართველი პარტია რომ მომდევნო არჩევნებს არ დათმობს, ამაზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაც მეტყველებს. ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
– იდეალი გამოწვევისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მარადიული და იდეალებისთვის ბრძოლა და მსახურება არის მარადიული პროცესი. ამიტომ ვინც მიიჩნევს, რომ ერთი არჩევნებით ან თუნდაც ორი არჩევნებით იდეალები მიღწეული იქნება და ისინი გაქარწყლდება და მისთვის შრომა და ბრძოლა საჭირო აღარ იქნება, ეს სულ მცირე დილეტანტიზმი იქნება. ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს.
ასე, რომ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ აჩვენოს გამარჯვება და გააგრძელოს იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რაც როგორც თავში გითხარით მარადიულია, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩერნობილს ეწვევა