ივანიშვილი – დარდად მიმყვება, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია

region
ავტ.: region იანვარი 11, 2021 12:09

ივანიშვილი – დარდად მიმყვება, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია

ბიძინა ივანიშვილს გული სწყდება, რომ ქვეყანაში “პასუხისმგებლიანი ოპოზიცია” ვერ ჩამოყალიბდა. გამოსამშვიდობებელ წერილში ოლიგარქი პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ, რეპუტაციის შემლახავ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

მას არც არასამთავრობო სექტორი და კრიტიკული მედია დავიწყებია.

“არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი” წერს ივანიშვილი.

“ოცნების” უკვე ყოფილი თავჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად:

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს – წერს ივანიშვილი

region
ავტ.: region იანვარი 11, 2021 12:09