ივანიშვილი-ჩვენს ინიციატივას ოპოზიციამ ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობით უპასუხა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება ოპოზიციის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მიღება სწორედ ქართული ოცნების დეპუტატების გამო ვერ მოხერხდა.

ივანიშვილის წერილში ვკითხულობთ:

“გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.

ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება”.-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები – საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს მღელვარების წარმოშობას
შემდეგი სტატია“ან ამ ბრძოლას ვიგებთ და ამ ხალხს ვუშვებთ ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩათვლით”