ივანიშვილი: არც „ნაცმოძრაობას“ შეუქმნია კახაბერ ოქრიაშვილი და არც ჩვენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, რამდენიმე ბიზნესმენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდა.

როგორც პრემიერმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, ბიზნესმენები კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან და ისინი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ შეუქმნია.

„როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე, ათმა თუ თორმეტმა კაცმა განაცხადა, რომ გადმოვდივართ აქეთ მხარეს. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ შეგვიქმნია. ესენი არიან ძალიან წარმატებული ხალხი. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი. რამდენჯერმე შევხვედრივარ და რჩევები მიმიღია. ასეთივეა ჩოჩელი. საინტერესო ბიზნესმენია. ეს ის წარმატებული ხალხია, ვინც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა საკუთარი წარმატებები და არა პარტიის დახმარებით. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია ოქრიაშვილი და არც ჩვენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მათ ეყოთ ჭკუა, რომ სწორი გზა აერჩიათ და როგორც კი საშუალება მიეცათ, მოძალადე ხელისუფლებაზე უარი თქვეს და „ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდნენ.

მისი თქმით, ბიზნესმენებმა, ვინც სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწია, ზოგი დაარბიეს, ზოგი კი, ციხეში ჩასვეს.

„მათ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი გზა აირჩიონ, როგორც კი მიეცათ საშუალება, უარი თქვეს მოძალადე ყოფილ ხელისუფლებაზე და გადმოვიდნენ, სწორ ადგილზე დადგნენ. მაშინ ვინც გაუწია წინააღმდეგობა სააკაშვილს, სად არიან დღეს? ზოგი დაარბიეს, ზოგი გადაწვეს, ზოგი ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს გონება ეყო და გაუაზრებელ ძალას წინ არ დაუდგნენ, მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. იმდენი ჭკუა ეყოთ, არც თავი მოაკვლევინეს, არც თავი დააჭერინეს და არც დაარბევინეს, ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : “რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ცოდნა პოზიტივში არ წაადგა არც ოპოზიციას და არც სახელმწიფოს
შემდეგი სტატიაივანიშვილი სააკაშვილზე: ისევ რევოლუციით იმუქრება და ამის თავი არ აქვს, ამ საცოდავს