ივანე მაჭავარიანი: ვერ ვიტყვი, რომ თავი ავარიდე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლის მიზეზები განმარტა. მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ,,მინისტრის საათის” ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი დაუთმო იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული.

,,ვერ ვიტყვი, რომ თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს შემდეგნაირად. სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მანამდე წერილიც კი გავაგზავნეთ კომიტეტში, რომ გამოვდიოდით „მინისტრის საათზე“, იქ გავცემდით ყველაფერზე პასუხს, ხოლო თუ რამე იქნებოდა დამატებით საჭირო, მზად ვიყავით კიდევ მივსულიყავით. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ამ შეკითხვების შინაარსი და პასუხებიც კი არ აინტერესებდათ. მათ მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ იძლევა მეტი სპეკულირების შესაძლებლობას. როდესაც საუბრობენ, რომ ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა, მე გეტყვით, რომ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. აიღეთ ბოლო 6 თვე, აიღეთ 2019 წელი და ნახეთ, ამ მოწვევის პარლამენტში კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ოდესმე ამდენჯერ თუ იყო მინისტრი მისული. ყველაზე მეტჯერ ვარ მისული, სხვადასხვა ფორმატში. როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იმავე საკითხებზე გაცილებით გაშლილად და დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითხვასაც არ სვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მომისმინონ, ე.ი. ეს რეგლამენტი სულ სხვა რამისთვისაა. ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის, და შოუების და ცირკის მოსაწყობად გამოიყენება. ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას სახელზე 14 თებერვალს გაგზავნილ წერილში მაჭავარიანმა განაცხადა, თუ „მინისტრის საათის“ ფარგლებში დაგეგმილი გამოსვლის შემდეგ კიდევ დარჩებოდა ღია საკითხები ან პასუხგაუცემელი კითხვები, ის მზად იყო, მონაწილეობა მიეღო საკომიტეტო ფორმატშიც.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. მიზეზად მაჭავარიანმა დაასახელა ის, რომ დეპუტატების კითხვებს გასულ კვირას „მინისტრის საათის“ ფარგლებში უპასუხა. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააპროტესტეს, ლევან გოგიჩაიშვილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

banner
წინა სტატიაშიSOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: „39%-ს ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!“