ივანე მაჭავარიანი – სტრატეგიის მიზანი მთავრობის ვალის მაქსიმალურად ოპტიმალური მართვაა

ვალის მართვის სტრატეგიის მიზანი მთავრობის ვალის მაქსიმალურად ოპტიმალური მართვაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავდა ვალის მართვის 2019 -2021 წლების სტრატეგია.

„ამ სტრატეგიის მიზანია, მაქსიმალურად ოპტიმალურად ვმართოთ მთავრობის ვალი, რაც ნიშნავს, რომ ვალის მაქსიმალურად ოპტიმალური კომპოზიცია იყოს ვალის ლარიზაცია, ასევე სტრატეგია სამომავლოდ დონორებთან მოლაპარაკების დროს, მთელი რიგი პარამეტრები, რომელიც ვალის პორტფელის ოპტიმალურ ნაზავს შექმნის“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სტრატეგიის მეორე მთავარი დანიშნულება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა.

„მთავრობის ფასიანი ქაღალდები განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ამ ბაზრის განვითარებაში და საბოლოო ჯამში, გვინდა, ზოგადად კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, მათ შორის კერძო ფასიანი ქაღალდები და ასე შემდეგ“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ვალის ლარიზაციას, ივანე მაჭავარიანის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა სიფრთხილეა საჭირო.

„ვალის ლარიზაცია არის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის შიდა ვალი უნდა ავიღოთ, ფრთხილად უნდა გავიაროთ, ანუ ჩვენ ბაზარზე შევიდეთ და კერძო სექტორზე არ უნდა მოვახდინოთ ნეგატიური გავლენა. თუმცა ვფიქრობ, ამისგან შორს ვართ, ამიტომ ლარიზაციისა და ადგილობრივ ბაზარზე სესხის აღებისკენ უფრო მდგრადი და გაბედული ნაბიჯებით წავალთ. როცა ნაზავზე ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს იმას, რომ დავთვლით და ვიტყვით, მოცემულ ეტაპზე რა იქნება უკეთესი. მათ შორის შესაძლოა, უცხოეთშიც გამოვუშვათ ბონდები ლარში და არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ვალის მართვის სტრატეგია დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა. სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში დააბეს და დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – წითელას შემთხვევების მატების ტემპი შენელდა