ივანე მაჭავარიანი : სანქციებზე რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს

სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა, როგორც ვიცი, არის რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მაჭავარიანის თქმით, „ფრონტერასა“ და ანაკლიის საკითხზე კონგრესმენები ერთმნიშვნელოვნად არ არიან ინფორმირებულები და მათი პრეტენზიები, როგორც მინისტრი ამბობს, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია.

„ჩემი აზრით, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – არ არის სწორი ნათქვამი, რადგან არც დამდგარა სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში. როგორც ვიცი, არის რამდენიმე კონგრესმენის ინიციატივა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას არანაირი საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება კონგრესმენების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გეტყვით ჩემს მოსაზრებებს, იმ ნაწილში, როდესაც მათ აქვთ რაღაც პოლიტიკური პრეტენზიები, მაგალითად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პროპორციული უნდა იყოს თუ არა, პირობა უნდა შესრულებულიყო თუ არა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება და პოზიცია. მათ აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ ეს პოზიცია. თუ მიაჩნიათ, რომ ეს უფრო სწორი განვითარებაა საქართველოსი, მაგრამ მათი ეს პოზიცია არის შეზავებული რაღაც ეკონომიკურ საკითხებთან, როგორიც არის „ფრონტერა“ და ანაკლია. იქ ერთმნიშვნელოვნად არ არიან ინფორმირებულები. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ ჩაიხედავენ ამ საკითხებში დეტალურად, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია მათი პრეტენზიები. უბრალოდ ეს ყველაფერი – მათი პოლიტიკური დამოკიდებულება და ეკონომიკური საკითხები არის შეზავებული და ერთიანად არის წარმოდგენილი, რაც მე მგონია, არის იმის მაჩვენებელი, რომ არ არიან სრულად გათვითცნობიერებულები“,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო, თუ დაბრუნდება, მივესალმები
შემდეგი სტატიაგოგა ჩანადირი : ბუნებრივია, რომ არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს მისალოცად პრემიერი ხვდებოდეს