ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

2019 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები არის დაგეგმილი. კერძოდ, შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გაიმართება .

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებსაც შეხვდება.

ფინანსთა მინისტრი დაესწრება მსოფლიო ბანკის ხაზინის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სფეროში „გლობალური პრაქტიკის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას თემაზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები.“ ასევე, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“.შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ივანიშვილის წერილზე: შემთხვევით ეშმაკი სოლოლაკის მთაზე ხომ არაა წამოსკუპებული?
შემდეგი სტატიადედაქალაქის ექვსი ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება