ივანე მაჭავარიანი : საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა.

„ბოლო წლებში საშუალო წლიური ხუთ პროცენტამდე ზრდა არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო ორი-სამი წელი გვქონდა ხუთ პროცენტზე ზემოთ. გასულ წელს ხშირად მესმოდა, რომ ხუთი პროცენტი არ არის საკმარისი და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება. ბევრი ქვეყანა ინატრებს, ამ ნიშნულზე ავიდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იმავე ტემპს. ჩვენზე პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლები საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გამოიჩინა მდგრადობა. შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში გვქონდა გამოწვევა, როდესაც ფრენები შეწყდა, თუმცა საკმაოდ მალევე მოხდა აღდგენა და წელი დამთავრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით, როგორ გავიარეთ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ 2021 წლისთვის – სამი-ოთხი პროცენტის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს არის ერთი – რეპუტაციის საკითხი თუ როგორ ვითარდებოდი კრიზისამდე და მეორე – საკუთრივ კრიზისის პერიოდში რა ღონისძიებები გაატარე და რამდენად ეფექტური იყავი. ამ შემთხვევაში, ორივე მაჩვენებელი, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში ოთხი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
შემდეგი სტატიაგლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა