ივანე ჩხაიძე – მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება, ის ბავშვების უდიდეს ნაწილს აქვს გადატანილი, მაგრამ არ ყოფილა პერიოდი, როცა მძიმე დაავადება ან სერიოზული ეპიდაფეთქებები გამოეწვიოს

მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება, მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც მძიმე დაავადება ან სერიოზული ეპიდაფეთქებები გამოეწვიოს, ძირითადად გაციების მსგავს სიმპტომს იწვევს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის კუთხით კორონავირუსისა და მეტაპნევმოვირუსის (HMPV) შედარება არ შეიძლება.

„ამის მიზეზი მარტივია, კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება არ ჰქონდა არავის. ეს იყო ვირუსი, რომელიც კლინიკურად გამოვლენილ დაავადებებს იწვევდა ყველა ადამიანში, ვისაც ვირუსთან შეხება ჰქონდა. მეტაპნევმოვირუსი სრულიად განსხვავებულია. ბევრი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის ბავშვებში, და ერთ-ერთ დიდ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტი იყო. იგივეა საქართველოშიც. ამიტომ შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს აქვს ეს ვირუსი გადატანილი. შესაბამისად, ამ ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს. ცუდია, რომ იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არ არის, მაგრამ საქართველოს პედიატრიული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 99%-ზე მეტს ეს ვირუსი გადატანილი აქვს.

HMPV ვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ლუგარის ლაბორატორია, საშუალებას გვაძლევს, მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მარტო გრიპზე, არამედ მეტაპნევმოვირუსზეც. 50-ე კვირას ვირუსის ექვსი პროცენტია დაფიქსირებული, რაც შედარებით მაღალი მაჩვენებელია, ხოლო, ბოლო მონაცემებით, ერთი პროცენტი. წინა კვირაში მეტაპნევმოვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული. ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ბრონქული ასთმა აქვთ. ხუთიდან 65 წლამდე ასაკში კი შეუძლია გამოიწვიოს გაციება – ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მაგრამ არა ფილტვის დაზიანება. საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ამას ვადასტურებთ. აღნიშნული ვირუსი 2001 წელს არის აღმოჩენილი და 25 წლის ისტორია აქვს, მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც მძიმე დაავადებები ან სერიოზული ეპიდაფეთქებები გამოეწვიოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტაპნევმოვირუსის შემთხვევების მატების გამო ჩინეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა:

„შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება, როდესაც მოიმატა არა მხოლოდ მეტაპნევმოვირუსმა, არამედ კორონავირუსმაც, გრიპმაც და, ზოგადად, ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ თემაზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია, რადგან არ მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილში ამ ვირუსის მატება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს, თუნდაც პანდემიის თვალსაზრისით“.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – აფხაზეთი არ ვითარდება, პუტინს სურდა, არ მიეცა მათთვის განვითარების საშუალება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ არ მიგიღებენ ევროკავშირსა და ნატო-ში
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ”რუსი ტურისტი” ვიქტორ სოლოვიოვი ე.წ. ცოლთან ერთად ნარკორეალიზატორები იყვნენ და სვანეთში რეალიზაციისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკი მიქონდათ