ივანე ჩხაიძე: ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის მწვანე პასპორტში ვადის დაფიქსირების თემა

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის მწვანე პასპორტში ვადის დაფიქსირების თემა, – ასე უპასუხა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას, რატომ მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.

„სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი მწვანე პასპორტი იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც მედიიდან მოისმინა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო შექმნილ ვითარებაში და უთანხმოების ფონზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან, თუ ეს დადასტურდა, რომ კოვიდპასპორტების ვადები გახდა უთანხმოების და მინისტრის წასვლის მიზეზი, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს შეკითხვა რთულია და ამაზე ვერ უპასუხებს, მაგრამ ფაქტია, მინისტრის პასუხი არის ასეთი და ისიც ფაქტია, რომ მინისტრის პასუხი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების გამო მოხდა.

„ძალიან რთულ შეკითხვას მისვამთ. ალბათ, მნიშვნელოვანია, როგორ იყო განხილვა, რა საკითხზე იყო და როგორი სტილის იყო ეს მსჯელობა. ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მინისტრის პასუხი არის ასეთი და ისიც ფაქტია, რომ მინისტრის პასუხი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების გამო მოხდა. იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ჩატარდა ძალიან საქმიან ვითარებაში, ძალიან დეტალურად იყო განხილული ყველა ნიუანსი და ყველა რისკი იყო დეტალურად აწონილ-დაწონილი. ასე რომ, იმუნიზაციის საბჭომ, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობდა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო ქვეყნისთვის იმ პერიოდში სწორი და მომავალი რისკების გათვალისწინებით ალბათ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეკითხვაზე, თუ ეს თემა გახდა ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილების მიზეზი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩება და კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის მწვანე პასპორტი უვადო იქნება, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საფრთხის გამო ახლა სხვა რეალობაში ვართ, ვიდრე თუნდაც, რამდენიმე თვის წინ ვიყავით და ამიტომ, ეს საკითხი კიდევ ერთხელ უნდა იყოს გადახედილი.

„სიტყვა უვადო არ მგონია, სწორი იყოს. ჩვენ უბრალოდ, დაფიქსირებული არ გვაქვს კონკრეტული ვადა. შესაძლებელია, ეს თემა სადღაც 6-8 თვის უკან, „დელტას“ შემოსვლამდეც კი არ ყოფილიყო ასეთი აქტუალური. უბრალოდ, ამ თემას და ამ ვადებს სრულიად განსაკუთრებული ელფერი შესძინა ჯანმო-ს 25 ნოემბრის გადაწყვეტილებამ. „ომიკრონის“ საფრთხის გამო ახლა სხვა რეალობაში ვართ, ვიდრე თუნდაც, რამდენიმე თვის წინ ვიყავით და ამიტომ, ვფიქრობთ, ეს საკითხი კიდევ ერთხელ უნდა იყოს განხილული და გადახედილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: “ვერაფერს მიაღწევენ! ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც”
შემდეგი სტატიასამადაშვილი – კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები გვაქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს