ივანე ჩხაიძე – იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ იანვრის შემდეგ მოსალოდნელია გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება.

ივანე ჩხაიძე მშობლებს ურჩევს, შვილები თავშეყრის ადგილებს მოარიდონ და აცხადებს, რომ პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბრის პიკმა გადაიარა, ტენდენცია შემცირებისკენ არის, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ორი პიკი გვქონდა, დეკემბერ-იანვარსა და თებერვალ-მარტში. მაინც ველოდებით იანვრის შემდეგ შემთხვევების მატებას. გრიპის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ხელის შემწყობი არის დახურულ სივრცეში ბავშვების ან მოზრდილების თავშეყრა. არდადეგები პრევენციის ერთ-ერთი იდეალური საშუალებაა. ეცადეთ, ხშირად დაიბანოთ ხელები, ხშირად გაანიავოთ სივრცე, სადაც თქვენი შვილია. ცემინების შემთხვევაში, ხელი აიფარეთ პირზე, რომ თქვენ არ წარმოადგენდეთ რისკს სხვებისთვის.

გრიპის პრევენციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან ვაქცინის შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გვაძლევს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ მიმდინარე შემთხვევები. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას, თუ არ ჩაგიტარებიათ გრიპის ვაქცინა და ამ სეზონზე არ ყოფილხართ ავად, ახლა გვიან არის, მაგრამ მაინც სასურველია, რომ ჩაიტაროთ ვაქცინაცია. თუ ორი კვირის განმავლობაში თავიდან აირიდებთ კონტაქტს შესაძლო პაციენტთან, მაშინ იანვარსა და თებერვალში დაცულობის შანსი გექნებათ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილის პირველ მოადგილედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო-ძლიერი ქარის გამო, სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე