ივანე ჩხაიძე – 2022 წლისთვის შესაძლებელია, რომ უკვე ვიფიქროთ ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, ისე, როგორც ჩვენი ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული, 2022 წლისთვის შესაძლებელია, უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში „ფაიზერის“ ვაქცინით ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ 100-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

„ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობა ცხრა-ნახევარ, ათ პროცენტს შეადგენს. მომართვიანობაც ტალღისებურია. მეორე და მესამე ტალღის დროს მომატებული იყო, თუმცა ეს არ აისახა მძიმე შემთხვევათა მატებაში, იმდენად მძიმე არ იყო, რომ ლეტალური გამოსავალი დამდგარიყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, ისე, როგორც ჩვენი ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული, 2022 წლისთვის შესაძლებელია, უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე.

უკვე ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მა გამოაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ჩატარება. ასევე ანალოგიური ცვლილება შეიტანა „მოდერნამ“, რომელმაც დაასახლა იგივე ასაკობრივი ჯგუფი. აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 2 300 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევისას გამოყენებული იყო „ფაიზერის ვაქცინა“, რომელმაც აჩვენა 100-პროცენტიანი ეფექტურობა. ეს ძალიან დამაიმედებელი შედეგია და ასეთ შემთხვევაში, ჩვენც შეიძლება, მივიღოთ ის სცენარი, რომელიც განიხილებოდა. სავსებით შესაძლებელია, ეს დაშვებული და მისაღები იყოს ბავშვთა ასაკშიც. ოღონდ არ იქნება ამ წლის განმავლობაში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, ბავშვებში კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვებში კოვიდი იშვიათია და მსუბუქი მიმდინარეობის არის.

„რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათი ინფიცირება შედარებით იშვიათია, ვინაიდან ამას გარკვეული საფუძველი აქვს. მათ არ აქვთ მიმღები ამ ვირუსის, ეს რეცეპტორი ბავშვებში ნაკლებია, შესაბამისად, ინფიცირებაც ნაკლებია. ბავშვები ნამდვილად ავადდებიან უფრო იშვიათად, მსუბუქად, უფრო ნაკლებად ხვდებიან სტაციონარში და ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი. ერთადერთი, შტამებმა, რომლებსაც ვეძახით ბრიტანულს, ინდურს, ცოტათი გადმოწია ინფიცირების საშუალო ასაკი. თუ ჩინური შტამით ძირითადად პიკი 40-45 წლის ჯგუფებში იყო, ახლა თანაბრად არის განაწილებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ახალგაზრდები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მდგრადობით ამ შტამების მიმართ, ასე რომ გაახალგაზრდავდა სწორია, მაგრამ ეს არ შეხებიათ ბავშვებს. ბავშვებში კოვიდი ისევ იშვიათია და ისეთივე ნაკლები სიხშირით, როგორიც იყო ჩინურის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკალაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს
შემდეგი სტატიაკალაძე დატბორილ დიღომზე – იმას ნუ დამაბრალებთ, რაც არ გაგვიკეთებია