იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ. მათ შორის პირველ საკითხად გაწერილია საკითხი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის პრეზენტაციას, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება იმ მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც საბჭო უვადოდ გამწესებაზე უარს ეტყვის.

ეს ის საკითხია, რომელიც საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შორის ურთიერთდაპირისპირების საგანი გახდა. ნინო გვენეტაძე უარს აცხადებდა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში უნდა შესულიყო. საბოლოოდ, საბჭოს წევრებთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შემდეგ, ნინო გვენეტაძემ რამდენიმედღიანი დაგვიანებით დოკუმენტს ხელი მოაწერა. საბჭო მაშინ შეთანხმდა, რომ კანონში გაიწერებოდა ნორმა, რომლის მიხედვითაც მოსამართლისთვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცნობილი იქნება, თუ სად შეეძლება მას მუშაობის გაგრძელება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლილებაზეც იმსჯელებს. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი ანა დოლიძეა. კანონპროექტის მიხედვით, საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ კანდიდატის განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

საბჭოს დღის წესრიგის მესამე საკითხი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. ცნობილია, რომ ამ თანამდებობაზე საბჭოს წევრი ირმა გელაშვილია დასახელებული. კანონის მიხედვით, კანდიდატს ასახელებს თავად იუსტიციის სკოლა და მთავარი მოთხოვნაა, რომ ის უნდა იყოს საბჭოს არამოსამართლე წევრი. დამტკიცების შემთხვევაში, ირმა გელაშვილი, საბჭოს წევრობის პარალელურად, კიდევ ერთ თანამდებობას შეითავსებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციას წარადგენენ
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს