იუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

region
ავტ.: region დეკემბერი 1, 2020 18:38

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

„საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ: წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით; საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 10 ერთეულამდე შეზღუდვა; ​სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით;

​სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად. საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

​საერთო სასამართლოებმა იხელმძღვანელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების დანართი №1-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული რეკომენდაციებით.

შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება. 2-მეტრიანი დისტანციის დათქმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გავრცელდეს შესაბამისი სხდომის დარბაზის ტევადობის გათვალისწინებით.

​მოქალაქეებმა თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს.

სასამართლოს შენობაში შესვლისას მოხდეს მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება. განხორციელდეს სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა და მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა.

სასამართლოს შენობაში, მათ შორის სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ სამუშაო მაგიდებზე უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერების მოწყობა ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლების უზრუნველყოფა სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით. დისტანციის დაცვის მიზნით მოხდეს პირობითი ნიშნების განთავსება (იატაკზე შესაბამისი სტიკერების, ნახაზების სახით და ა.შ.).
​მოქალაქეებმა სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით, შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

​მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.

​სასამართლოს შენობაში: თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

​სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები, ასევე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი.

​სასამართლოებში სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლდეს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ასეთი კონტაქტის ქონიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება. ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

​სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, საერთო სასამართლოების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ​ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის №3 რეკომენდაცია.
​აღნიშნული რეკომენდაცია მოქმედებს მის გაუქმებამდე“, – აღნიშნულია საბჭოს ინფორმაციაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, რეკომენდაციებს დღეს საბჭოს სხდომაზე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

region
ავტ.: region დეკემბერი 1, 2020 18:38