იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.

გასაუბრების პროცესი დღეს სულ 3 -მა კანდიდატმა გაიარა, მათ შორის იყო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.

მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს მთავარი კითხვები უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიას და ამ სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან გასაუბრება მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია იყო და დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა.

წარმატებული კენჭისყრის შემთხვევაში, მიქაუტაძე უვადო მოსამართლე გახდება.

„კითხვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისვა. ასევე იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გონიოში მოხდა. რის გაგებას ცდილობდნენ ამ კითხვებით, ალბათ უნდა ჰკითხოთ თავად ავტორებს. კითხვები ალბათ უფრო იქითკენ იყო მიმართული, თუ რამდენად კარგი საბჭოს წევრი და მდივანი ვარ და არა იქითკენ, თუ როგორი მოსამართლე ვარ”,- აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრა.

კენჭისყრა სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული” პარტიის უფლებადაცვით ცენტრს სათავეში ლაშა ჩხარტიშვილი ჩაუდგება
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე – მიხეილ ჩინჩალაძესთან ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ჩემს ბევრ კოლეგასთან