იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტს გააუარესებს – საკონსტიტუციო კომისიის წევრები

იუსტიციის სამინისტროს ახალ ინიციატივას, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრები აპროტესტებენ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს კომისიის მუშაობის განმავლობაში ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არა თუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიეს.

“როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არცერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არცერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა სახალხო განხილვაზე გამოტანილი.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარლამენტს, არ გასცდეს ამ ამოცანას და არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი კომისიის წევრები არიან ვახტანგ ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, არნოლდ სტეფანიანი, ანა ფირცხალაშვილი, ვახტანგ ხმალაძე და ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავრობა – წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა