იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სააკაშვილს მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა, მისი გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა – ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა.

ზარქუას თქმით, სააკაშვილის გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ – არა. ამასთან, ზარქუა სისულელეს უწოდებს სააკაშვილის მიერ წამოყენებულ პირობებს.

„წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა – სააკაშვილი იყო შემოქმედი იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისის გაწევა კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ და ყოველდღე სტატისტიკა ჰქონდათ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. დღეს ციხეში ისეთი სიტუაციაა, რომ ტიპი, ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? – სისულელე პირობები წააყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ – არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა კი, მისი პირადი გადასაწყვეტია“, – განაცხადა იარკლი ზარქუამ.

რაც შეეხება თავდებობის საკითხს, ზარქუა ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცირკად იქცა.

„შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა ჩაუდგეს, მათ შორის რომელია ავტორიტეტული, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? – კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და უნდა მოიხადოს. მას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შევთავაზეთ, რომ კვლევები ჩაიტაროს. ამ შეთავაზებას ულტიმატუმებით და პირობებით უპასუხა. ანუ, განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის. შეთავაზება ძალაშია და ის უწყვეტად იქნება სამედიცინო პერსონალის მონიტორინგის ქვეშ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მიზანია, შეზღუდოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში – მედვედევი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ პარამეტრებს შეეხება