იუსტიციის სამინისტრო ზაზა ოქუაშვილის საქმეზე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„აღსანიშნავია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას. საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური.
საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია – შპს „ოჯთ“-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან, 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მომართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.

იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისთვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.

banner
წინა სტატიაშიგელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული – ყველა ჩემი დაკავება პოლიტიკურად აქტიურ თემებს უკავშირდება