იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ, განცხადის წარდგენა უფასოა და დოკუმენტი პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცემა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა, – აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც გაზრდილია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. შესაბამისად, აუცილებელია, პირბადე, რომელიც სოციალურ დისტანციასა და ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოქალაქეებმა, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ატარონ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის ტენდენციას და აღინიშნა, რომ გუშინ ქვეყანაში 25 083 მოქალაქე აიცრა. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე დაწესებულებაში, აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, 3 სექტემბრამდე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით მოძრაობს. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკოორდინაციო შტაბს ამცრელი პუნქტების მიმართულებით დამატებითი მარშრუტების დანიშვნა დაევალა.

ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალებით, ჯანდაცვის უწყება იწყებს აქტიურ მუშაობას ვაქცინების, მათ შორის „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შეკვეთაზე.

ამასთან, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 490 462 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 483 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 79 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 3 481 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 965 პირი. სულ აცრილია 831 815 მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციონერი კანდიდატები ცნობილია
შემდეგი სტატიატიკარაძე – კლინიკაში მყოფების 95% აუცრელია