იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება იწყება

ლევან მურუსიძის არჩევის გამო იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვება იწყება. ამ ინიციატივით რამდენიმე პოლიტიკური ძალა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლები გამოდიან.
ისინი 200 000 ხელმოწერის შეგროვებასა და პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ.

როგორც „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად, ჭაობში დატოვა.

„გვინდა სამოქალაქო აქტივობა გავაძლიეროთ და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაგვაცურა. ივანიშვილმა სამართლიანი სასამართლოს მტერი მურუსიძე თავზე დაგვასვა. ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად, ჭაობში დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რა გვინდოდა, რისთვის მივეცით ხმა. როდესაც ხალხი ამას იტყვის, თვითონ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილიც კომპრომისზე წავა“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

„ადვოკატთა ასოციაციაში“ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსამართლეთა კანდიდატების გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ დაიგეგმა, სადაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ლევან მურუსიძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ გუშინ აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა კანდიდატმა მისცა.

14-დან ორი წევრი კენჭისყრას არ დასწრებია. თავად ლევან მურუსიძეს კი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

banner
წინა სტატიაში,,ვიღაც ნაცუკანები არიან“ – დავით ნარმანია მის შესაძლო გადადგომაზე არ საუბრობს
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა(ვიდეო)