“იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი,”-გედევან ფოფხაძე მამუკა ახვლედიანზე საუბრობს

უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებებს მამუკა ახვლედიანის მიმართ “ბუნებრივს” უწოდებს და აცხადებს, რომ მოსამართლეების ტესტირებაზე პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა არსებობდეს.

“იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირება მოსამართლის განცხადებაზე არის აბსოლუტურად ბუნებრივი და საჭიროა ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული. მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდები ეს მოსამართლეთა თავდაპირველი რეფორის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და დღესაც ამ გამოცდებს აქვს გარკვეული დატვირთვა და აქ გარკვეული ხარვეზების არსებობა ნამდვილად არ არის სასურველი,”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე მამუკა ახვლედიანზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ამ შემთხვევაში არის პირდაპირი ზეწოლა. ყველასათვის ცხადია, რომ იყო გარიგებები და წინასწარ შეთანხმებები, უბრალოდ დადგენილი არ არის ვინ. სწორედ იმისთვის, რომ არ გაერკვეს საზოგადოება თუ ვინ იყო ყველაფერ ამაში დამნაშავე, სწორედ ამიტომ ხდება ზეწოლა,“-აცხადებს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლე მამუკა ახვლედიანის მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო დისციპლინარული დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდაღუპული პოლიციელების შვილებისთვის სათხილამურო შეჯიბრი მოეწყო
შემდეგი სტატია6 საათიანი ჩხრეკა ბიძინა კუჭავას აგარაკზე დასრულებულია