იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობაში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი უნდა იყოს, მის გადაწყვეტილებაში ვერავინ ერეოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის მიერ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა.

„დემოკრატიულ ფასულობებსა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობას პატივს ვცემთ. ამიტომ, ერთმნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭო, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რგოლია, თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს. ამ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არ გვაქვს და ჩვენი მანდატი უფლებამოსილების მხოლოდ იმ ეტაპზე შემოიფარგლება, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, პარლამენტის მხრიდან ვინ შეიძლება არჩეული იყოს, მაგრამ არჩეული პირები რა გადაწყვეტილებას იღებენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პარლამენტი ვერ ჩაერევა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველაფერი სულერთია, პროცესებს გულგრილად ვუყურებთ და იმ პროცესებს არ ვაკვირდებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას ეხება, განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებაა.

„ბუნებრივია, კითხვები გუნდის შიგნითაც არის და ეს კითხვები განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში გაჩნდა, რომელიც კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება, რომელზედაც თავის დროზე პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს საქმეები გამოტანილი პოლიტიკური ნიშნით იყო. ასეთ დროს, უფრო მაღალი სტანდარტი და ინტერესი არსებობს. იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში არავინ და ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს. როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე კითხვები ჩნდება, საბჭომ უნდა უპასუხოს, ეს გადაწყვეტილება რატომ იყო მიღებული. ამ გადაწყვეტილებებს დასაბუთება სჭირდება“, – აცხადებს ბესელია.

კანონმდებელი საკითხზე საუბრისას აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხები იუსტიციის საბჭოს წევრებმა უნდა გასცენ.

„თუკი ეს გადაწყვეტილებები ისეთ მოსამართლეებს უკავშირდება, რომელთაც წარსულში ისეთი განაჩენები ჰქონდათ გამოტანილი, რომლის მიმართაც კრიტიკა იყო და პარლამენტს აქვს ნათქვამი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები იყო, ბუნებრივია, კითხვები გაჩნდება და ასეთ კითხვებს თავად იუსტიციის საბჭოს წევრებმა უნდა უპასუხონ, რადგან ჩვენ ვერ ვუპასუხებთ. უვადოდ ვინ გამწესდება და ვინ არა, ამაში ჩართული არ ვართ და ვერ ვიქნებით, მაგრამ კითხვები ჩნდება, რომელიც ლეგიტიმურია.

ანა დოლიძე – მივესალმები პრემიერის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არ აქვს
საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო, რომელსაც ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული. როცა საბჭო გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლის უვადოდ გამწესების თაობაზე მიიღებს, მათ უნდა უპასუხონ, ამ გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი ნორმების გარდა, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა. ეს მიჯნა გასავლებია. გადაწყვეტილებებში ჩარევით ვერ ჩავერევით, მაგრამ როცა კითხვები ისმევა, ამას იუსტიციის საბჭომ უნდა უპასუხოს.

ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ფუნდამენტური ღირებულებები ყველაზე მაღალი ღირებულებებია. როცა ამ კუთხით კითხვები ისმევა, მათ შორის კითხვები პოლიტიკური გუნდის მიმართაც ისმევა და ამ დროს კითხვებს ვერ ვუპასუხებთ, რადგან ამ კითხვების ადრესატი თავად საბჭოა“, – დასძინა ბესელიამ.

მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გუშინ ჩატარდა. წარდგენილი 50 კანდიდატიდან 6-ს უარი ეთქვა უვადო მოსამართლეობაზე, ხოლო შერჩეული 44 კანდიდატიდან 6 მოსამართლეს საბჭოს ყველა 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის მმართველ გუნდშიც.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : მივესალმები პრემიერის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არ აქვს
შემდეგი სტატიაადვოკატმა არ იცის აღიარებს თუ არა ბრალდ თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული