იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი – საუბრები, რომ “კლანი” არსებობს, დემაგოგიაა

მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად – საუბრები, რომ „კლანი“ არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ , – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, გოჩა აბუსერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევა ძალიან დიდ პასუხისმგებელობას წარმოადგენს. მისივე თქმით, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ წარდგენილი კანდიდატები ის პირები არიან, რომლებიც მოსამართლეთა გავლენიანი ლობირებით სარგებლობენ, აბუსერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„მე ასევე მონაწილეობას ვღებულობდი უზენაესი სასამართლოს წევრის კონკურსში და ქალბატონმა ნაზიმ არაერთხელ დამისვა ეს შეკითხვა.

მე რა თქმა უნდა მას ვუპასუხე არგუმენტირებულად, თუმცა ამგვარი შეკითხვა ჩემთვის პირადად, როგორც მოსამართლისათვის, არის შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ჩემი აზრით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა და წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩემთვისაც მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ წარმადგინა“,- აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

როგორც გოჩა აბუსერიძე აღნიშნავს, საუბრებით, რომ სასამართლოში “კლანი” არსებობს დემაგოგიაა და სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„ამგვარი შეკითხვა, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, წარსული, კავშირები გამოიკვლიოთ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია, სასამართლოს მოსამართლეები მართავს“, – აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, როგორ მივიდეთ 2024 წლამდე
შემდეგი სტატია“ლელომ” ანაკლიაში აქცია – “ააშენე ანაკლია – ხიდი აფხაზეთთან” გამართა