“იუსტიციის საბჭომ კარგად უნდა გაიაზროს გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები” – ბესელია მურუსიძის დანიშვნაზე

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, კარგად გაიაზროს ის შედეგი, რომელიც შესაძლოა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვეს.

ბესელია ამბობს, რომ ლევან მურუსიძის უვადო გამწესება მძიმე გადაწყვეტილებაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველი პარტია ვერ ჩაერევა და არასოდეს ჩარეულა საბჭოს მუშაობაში, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საბჭოს წევრებმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარდა ბესელია პასუხისმგებლობას და არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს პოლიტიკოსებსაც ახსენებს.

“შექმნილ ვითარებაში იუსტიციის საბჭომ, რომლის საქმიანობაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით და არ ვერევით, უნდა გაიაზროს კარგად გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები. უნდა გაიაზროს ყველამ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ჩვენ ამომრჩეველს ვუთხარით არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ ჩვენ მივალთ მოსახლეობასთან უფრო ახლოს და იმ პრობლემებს, რომლის გამოც განაწყენდა ჩვენი ამომრჩეველი ვუპასუხებთ ადეკვატურად.

ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს შესატყვისი ამ დაპირებების. არ მინდა ავცდე იმ მთავარ ხაზს, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავუახლოვდეთ ჩვენს ამომრჩეველს და არა დავშორდეთ,“-ამბობს ბესელია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომელთა სახელები პოლიტიკურ ზეწოლებს უკავშირდება. დეპუტატის განცხადებამ მისივე თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებების შემდეგ დაპირისპირება დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა. “ქართული ოცნება” ორ ბანაკად, ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო.

banner
წინა სტატიაშიგორში ქალი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია“ამ ყასაბმა სასამართლო აქცია ლაგამამოდებულ ბიძინას ჯორად”- ნათელაშვილი მურუსიძის უვადო გამწესებაზე