იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალი ოფისი გახსნა. წერეთლის გამზირზე მდებარე შენობა ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ასევე იქნა გამყარებული შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი, უშუალოდ თანამშრომლების სამუშაოს სპეციფიურობის გარდა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში ყოფილი პატიმრები, მათ შორის არასრულწლოვნები, არიან ჩართულნი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისათვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა − ყოფილმა პატიმრებმა, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალურ მუშაკებთან და თანამშრომლებთან. ახალი ოფისის გახსნას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიაზე გაიმართა ყოფილ პატიმართა ნამუშევრების გამოფენა.
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235 ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა;. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არც შანშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია
შემდეგი სტატია“საქართველო მთავრობა არ მუშაობს ეფექტურად” – მიხეილ მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრობს