იზიარებს თუ არა იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრემიერის პოზიციას, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დასკვნის მომზადებისას, “საკუთარ პროფესიულ ღირსებაზე თქვეს უარი” და ხომ არ შეაქვს ეჭვი მინდია უგრეხელიძის კომპეტენციაში – აღნიშნული კითხვა ჟურნალისტებმა ბრეგაძეს დაუსვეს, თუმცა მინისტრმა კითხვას პასუხი არ გასცა.
ბრეგაძემ ასევე არ უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
მინისტრი ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში, სახელმწიფოს უნდა ჰქოდნეს იმის უფლება, რომ იცოდეს, თუ რა ტიპის დაფინანსება შემოდის ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.