იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

იუსტიციის მინისტრი ლონდონში საერთაშორისო ანტიკორუფციულ სამიტზე იმყოფება. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მასპინძლობს. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრთან ერთად მის შემადგენლობაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, აგრეთვე, მსხვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტი გაერთიანებული სამეფოს მიერაა ორგანიზებული. ღონისძიების დელეგატები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული გამოწვევებისა და ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ მსჯელობენ და ერთმანეთს უზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით დაგროვილ გამოცდილებებს. დისკუსიები რამდენიმე სამუშაო სესიის ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის კორუფცია და რა საფრთხეებს შეიცავს ის სახელმწიფოსათვის; როგორ უნდა მოხდეს კორუფციის გამოვლენა მმართველობის სხვადასხვა დონეზე; რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობასა და კოორდინირებულ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის; ინოვაციური ტექნოლოგიების როლი კორუფციის პრევენციის საქმეში და სხვ.
სამიტზე გამართული დისკუსიების ნაწილი „პანამის დოკუმენტების“ დეტალების განხილვას ეთმობა. მონაწილე ქვეყნები ფარული კომპანიების გამოყენებით ფულის გათეთრების პრევენციისა და მათი აღკვეთის გზებზე მსჯელობენ.
საერთაშორისო ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.
სამიტი 11 მაისს დაიწყო და ის 12 მაისს დასრულდება.
საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. საბჭო 47 უწყებას აერთიანებს, მათ შორის, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უწყებებს, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის სფეროს. ანტიკორუფციული საბჭო განსაზღვრავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ანტიკორუფციულ სტრატეგიას, მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას და თვალყურს ადევნებს მის განხორციელებას. სწორმა და ეფექტურმა ანტიკორუფციულმა პოლიტიკამ განსაზღვრა საქართველოს წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში − 2016 წლის 4 მაისს საქართველო „OGP“-ის თანათავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველოს თანათავმჯდომარეობას მმართველი კომიტეტის 22 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი. თანათავმჯდომარეობის ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ (ამ პერიოდში საფრანგეთი იქნება თავმჯდომარე ქვეყანა) საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საქართველოს თანათავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში „OGP“-ის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საფრანგეთთან ერთად წამყვანი როლი დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი: ლონდონის სამიტი კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველომ ფართო აუდიტორიას გამოცდილება გაუზიაროს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მალე მიიღებს