იუსტიციის მინისტრი მოქალაქეობის საქმეთა კომისიის საკითხს ეხმაურება

 

„საქართველოს პრეზიდენტმა შარშან, წლის მიწურულს, გადაწყვიტა, რომ მოქალაქეობის კომისია მასთან უნდა მუშაობდეს; თავმჯდომარეც, შემადგენლობის უმრავლესობაც უნდა იყოს მისი და იუსტიციის მინისტრს დაუწესა ვადა 15 იანვრამდე, რომ შესაბამისობაში მოეყვანა ყველა მისი აქტი და ნაბიჯი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან. იუსტიციის მინისტრმა, მე, ამ შემთხვევაში, ყველა ეს ნაბიჯი განვახორციელე. მაგრამ დადგა 16 იანვრის დილა, როდესაც პრეზიდენტთან გადასულმა კომისიამ და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააანალიზა, რომ კომისიის თავისთან წაღება ნიშნავს ორ მარტივ რამეს: ერთი იმას, რომ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა შესაბამისი კომისიის სხდომებისთვის და, ასევე, ნიშნავს იმას, რომ კომისიამ უნდა იმუშაოს და იშრომოს.

რაც შეეხება პირველ საკითხს: როგორც დღეს ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისათვის და პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების − პრეზიდენტის ადმინისტრაციის − თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს: ის, რომ კომისიამ ტესტირებები უნდა ჩაატაროს, მოქალაქეებს გაესაუბროს, აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი დამხმარე როლი ვერ გვექნება, რადგან კომისიის სხვა უწყებაში გადატანა ნიშნავს იმას, რომ სხვა უწყების თანამშრომლებმა და მათმა ხელმძღვანელებმა მართლაც უნდა ჩაატარონ ის სამუშაო, რასაც აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ატარებდა.

როგორც ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მე გამოვთქვამ იმედს, რომ ამგვარად დაკომპლექტებული პრეზიდენტის კომისია საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ პრეზიდენტს გაუწიოს წინააღმდეგობა, როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოქალაქეობის მიღებაზე, ჩვენ ამ წინააღმდეგობას მას ვუწევდით; როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს ყოფილ მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ მას წინააღმდეგობას ვუწევდით. იმედი მაქვს, რომ მისივე კომისია ამ წინააღმდეგობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი თანამემამულეები დავუბრუნოთ სამშობლოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტზე ყოფნისას გააკეთა, რომელიც კუნძულ ანტიგუაზე იმართება.

banner
წინა სტატიაშიჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ?!
შემდეგი სტატიასროლა ნუცუბიძის ფერდობზე-დაჭრილია ალექსანდრე ჯორჯაძე