იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

wulukiani 9იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. თეა წულუკიანმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან თანამშრომლობით განახორციელა.
მინისტრის განცხადებით, „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ნაყოფიერი პროექტია.
„ეს არის წარმატებული ისტორიის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ სამომავლო ინიციატივების მოდელად. ახლახან მიღებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, უკვე დასრულებული სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, სერიოზული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში, ტრენინგების ციკლი, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები, რომლებიც პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, მნიშვნელოვნად წაგვადგება საქართველოში ევროპული სტილის სისხლის სამართლის სისტემის მშენებლობის პროცესში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინთერს, „რომლის თავდადება, ინტელექტუალური და, ხშირ შემთხვევაში, ემოციური მხარდაჭერა სამაგალითო იყო“.
პროექტი „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. პროექტი ითვალისწინებდა, აგრეთვე, მოსამართლეთა კორპუსის, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების, კერძო და საჯარო ადვოკატურის მხარდაჭერას. პროგრამა მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოს ასრულებს; დღევანდელ შეხვედრაზე კი პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს. პრეზენტაციას, პროექტის ხელმძღვანელების გარდა, ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4010 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასაჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც შესაძლოა აიკრძალოს