იურისტი: “როდესაც მთავარი ეჭვმიტანილი ამ ტიპის, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არის ხელისუფლება, ის ვერ ჩაატარებს თავის თავზე სამართლიან გამოძიებას”

სუს-ის ხუთდღიანი გამოძიების პასუხი საკმარისი არ არის – საზოგადოება მოითხოვს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დაასახელოს, რომელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილობრივი გამოძიება სანდო არ არის, რადგან “ოცნება” საკუთარ თავზე სამართლიან გამოძიებას ვერ ჩაატარებს.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ქიმიურის იარაღის სკანდალის თემა ასე მარტივად ვერ ამოიწურება და საჭიროა საერთაშორისო გამოძიება.

“როდესაც მთავარი ბრალდებული, მთავარი ეჭვმიტანილი ამ ტიპის, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, პირობითად, არის ხელისუფლება, ის ვერ ჩაატარებს თავის თავზე სამართლიან გამოძიებას, მითუმეტეს, იმ ტიპის მმართველობის პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. თქვეს, რომ 5 დღეში დავასრულეთო დანაშაულის არა გასახსნელად, არამედ დასაფარად ჩატარებული გამოძიება, და თქვეს, რომ თემა ამოწურულია და დახურულია. ეს თემა ვერ დაიხურება ასე, ცხადია, მათ ძალიანაც რომ უნდოდეთ, იმიტომ, რომ აქ საუბარია პოტენციურად დაზარალებულ ათასობით ადამიანზე..

თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყნის აქვს ინტერესი, დადგინდეს სიმართლე, იმიტომ, რომ ეს არ ეხება მარტო მართლმსაჯულების საკითხს, ეს ეხება ჯანმრთელობის საკითხებს მათ შორის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებელია, ამ ნივთიერებების გამოყენების შედეგად ჰქონდეთ ჯანმრთელობის ისეთი ტიპის დაზიანებები, რომლებიც ხანგძლივ დაკვირვებას და მკურნალობას საჭიროებს. ამიტომ, ჩვენ, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენება ვცადეთ და ვეცდებით მომავალშიც, რომ ამ საკითხის შესწავლა საერთაშორისო დონეზე, რეპუტაციულად სანდო და გამოცდილი ადამიანების მიერ მოხდეს, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

ამავე აზრს იზიარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, “ოცნებას” საქმის საერთაშორისო გამოძიება არ აწყობს, რადგან შესაძლოა, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესში არ არის.

“ფაქტია, რომ ქვეყნის შიგნით რა გამოძიებაც ჩატარდა, მის მიმართ ნდობა არ შეიძლება, რომ გვქონდეს. ამ 5 დღიანი გამოძიებიდან მთავარი მიზანი ჰქონდათ ის, რომ ფოკუსი გადაეტანათ კონკრეტულ ადამიანებზე და არა იმ ფაქტებზე, რაზეც საუბრობდნენ BBC-ის ჟურნალისტები. შესაბამისად, ვნახოთ, არის სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმები. უნდა ვიცოდეთ, რომ დროში ეს სწრაფად არ ხდება. დღეს “ოცნება” არის ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, იმიტომ, რომ თუ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება, მაშინ შესაძლოა, მან დაადგინოს ისეთი რამ, რაც მათი ინტერესი არ არის. სხვა შემთხვევაში, ისინი თითონ მოითხოვდნენ საერთაშორისო გამოძიებას. რაღაცას მალავენ, როგორც ჩანს, – ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
შემდეგი სტატია“ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს” – შალვა პაპუაშვილი