“წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რომ აღმოჩნდება ბოროტების მანქანის სამსახურში, როგორ დაიწყებს ინფორმაციის ჟონვა “უცნობი წყაროდან” პროპაგანდისტებთან” – ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება.
იურისტი “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას იხსენებს და წერს, რომ მაშინ პროტესტი პროპაგანდამ გაანელა.
5 ივლისის ძალადობის შემდეგ ლექსო ლაშქარავა რომ დაიღუპა, პროტესტის ისეთი ტალღა აგორდა, რომ 20 ივნისის შემდეგ ქოცებს ქუჩაში ასეთი პრობლემა არ ჰქონიათ. ოცნება იმდენად ვერ მართავდა სიტუაციას, რომ მათი პროპაგანდისტებიც კი აქციაზე იდგნენ, გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.
ჰოდა ადგნენ და შსს-ს ბაზებიდან გაავრცელებინეს მათ მართულ გვერდებს ინფორმაცია, წარსულში ნარკომომხმარებელი იყოვო, თან ისე, რომ არც კი შეუწუხებიათ თავები, pol.ge-ს ბაზების ინფორმაციის თანმიმდევრობა შეეცვალათ.
პროტესტი ამან გაანელა, ეს საქმე არც გამოძიებულა და მერე, სტრასბურგში წავიღეთ. მაგასაც რომ წააგებენ, ღარიბაშვილს შეტენიან ყველაფერს, 20 ივნისი როგორც შეტენეს გახარიას, თუმცა აქ ეგ არაა მნიშვნელოვანი.
ადამიანი მოკლეს და მერე მისი წარსულისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მანიპულაციით გადაფარეს საკუთარი დანაშაული.
ახლა წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნარკო თუ ალკოჰოლდამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია რომ აღმოჩნდება ბოროტების მანქანის სამსახურში, როგორ დაიწყებს ინფორმაციის ჟონვა “უცნობი წყაროდან” პროპაგანდისტებთან, ხმას ამოიღებ რამეზე და შენი პრობლემის შესახებ მეორე დღეს მთელ ქვეყანას ეცოდინება.
არავის გაახსენდება შენი ნამდვილი პრობლემა, ყველა მხოლოდ იმაზე ილაპარარაკებს, რამდენს ალკოჰოლს, წამალს თუ ნარკოტიკს მოიხმარ. ამიტომ უბრალოდ გაჩუმდები და არაფერი გეშველება,” – წერს ნიკა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი საინფორმაციო ბაზა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები სხვადასხვა ლიცენზიებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება და მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.
ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა. თავდასხმა ჩვენ რეპორტიორებზე “სირცხვილიას” ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

















