იურისტები ფარულ მოსმენებზე განცხადებას ავრცელებენ: შეშფოთებას იწვევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები

იურისტები ფარულ მოსმენებზე განცხადებას ავრცელებენ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ უკანონო ფარული მიყურადების მასშტაბურ ფაქტებს. როგორც ირკვევა,წლების განმავლობაში ხდებოდა სასულიერო პირების, დიპლომატიური კორპუსის, ჟურნალისტების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისუკანონო მოსმენა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე არაერთხელ დაირღვა ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპი, როგორიც არის ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის საიდუმლოების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის ჩანაწერების განმახორციელებელი სუბიექტი და მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდებით საუბარი შეიძლება, ფაქტია, რომ მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის უკანონო ფარული მიყურადების განხორციელება კარგად ორგანიზებული, ტექნოლოგიურად აღჭურვილი, დაფინანსებული და მრავალი თანამშრომლის გარეშე ფიზიკურად არის შეუძლებელი. თუ ამ მასშტაბის ფარული მოსმენა განახორციელაარა სუს-მა, არამედ სხვამ, ხოლო ამის შესახებ სახელმწიფო ორგანოებმა ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, მაშინ გამოდის, რომ კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშეა როგორც თითოეული მოქალაქე, ისე მთელი სახელმწიფო.

ამ უმძიმეს ფონზე დამატებით შეშფოთებას იწვევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები. პრობლემის გააზრებისა და აღიარების ნაცვლად, ხდება მოღალატის ძებნა და ისრების გადატანა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ძირითადად ისმის წუხილი იმაზე, თუ ვინ გამოიტანა საჯაროდ ეს მასალა და არა იმაზე, თუ რა მიზნით, ვისი დავალებითა და ორგანიზებით ხდებოდა ამ მასშტაბის უკანონომიყურადება და თვალთვალი, ან რა მექანიზმების მოფიქრება შეიძლება როგორც მომხდარის ობიექტურად გამოსაძიებლად, ასევე სამომავლო პრევენციისთვის. ასეთი დამოკიდებულება შექმნილ მოცემულობაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სისტემურ კანონდარღვევაზე სწორი სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას.

პრობლემას ამწვავებს ისიც,რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუვლენია და დაუსჯია 2013 წელს აღმოჩენილი 26 000 ფარული ჩანაწერის განმახორციელებელი ასეულობით სავარაუდო სუბიექტი, რამაც გააძლიერა დაუსჯელობის სინდრომი და ხელი შეუწყო უკანონო ფარულიმიყურადების მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნებას.

ადამიანის თავისუფლება და ღირსება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპები, დგას და იქნება მუდმივი საფრთხის წინაშე მანამ, სანამ არ იარსებებს უკანონო თვალთვალისა და მიყურადებისაგან დაცვის მყარი მექანიზმები.ამასთან, პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილება, ცალკე აღებული, ვერასოდეს გახდება პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი, თუ არ იარსებებს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ უკანონო ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საბოლოოდ დაესვას წერტილი, ხოლო ისინი, ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის საშიშ წითელ ხაზს გადაკვეთენ,დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

ხელმომწერები

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი.

ბესიკ სისვაძე, ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე

მაია ბაქრაძე, ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე

დავით ჯანდიერი, იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე,

ბესიკ ლოლაძე, პროფესორი, სამართლის დოქტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

კახა წიქარიშვილი, იურისტი, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი

კახა კოჟორიძე, ადვოკატი, საიას ყოფილი თავმჯდომარე

ანა ნაცვლიშვილი, საიას ყოფილი თავმჯდომარე

თამარ ხიდაშელი, საიას თავმჯდომარე

სულხან სალაძე, საიას ყოფილი თავმჯდომარე

ეკა ციმაკურიძე, იურისტი, დემოკრატიის ინდექსი

თამარ ლალიაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამართლის დოქტორი

ნაზიჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, საქართველოსსასამართლოსგუშაგისდამფუძნებელი

თეა ხამხაძე, ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე

თორნიკე ართქმელაძე, ადვოკატი

ნათია ქუთათელაძე, ყოფილი მოსამართლე

ირაკლი შავაძე, ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი: მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესახლდება და კანონმდებლობით დადგენილი პროცესები წარიმართება
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე: სამართლებრივ აღსრულებას არ შეიძლება არც ერთი ფაქტორი ეღობებოდეს