იურიდიულმა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია „ააორთქლა“ – გოგიჩაიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია „ააორთქლა“ – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “აღარაფერი არ არის და მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაცია“.

„გუშინ უნიკალური შემთხვევა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებით ამბობდნენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თავი შეიკავეს. თუ გჯერა შენი სიმართლის, ეს თავშეკავებულობა უკვე ახალი მიმდინარეობაა. როდესაც არ შეგიძლია პოზიციის დაფიქსირება, თავს იკავებს. ცოტა ხანში ძალიან ბევრი თავშეკავებული დეპუტატი გვეყოლება. ეს თავშეკავებულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ არ შეგიძლია გამბედავი ნაბიჯი გადადგა, არ შეგიძლია წახვიდე იმ ცუდის წინააღმდეგ, რაც რეალურად ახლა ხდება და იგონებ რაღაც აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილ არგუმენტს, რომ ეს თითქოს რაღაც ანტიკონსტიტუციურია, როდესაც ერთი წინადადებითაც კი არ მტკიცდება, რომ პროექტი ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ, კანონმდებლებმა გარდამავალი დებულება რომ დავწერეთ, ზუსტად ის ვიგულისხმეთ, რომ სანამ ბოლომდე ყველა პროცედურის გაწერა არ მოხდებოდა, შეგვეძლო 2025 წლამდე მორატორიუმი გამოგვეცხადებინა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის უფლება შეგვეჩერებინა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს მოსამართლის უვადოდ განწესება. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

პროექტი პარლამენტის წევრების – ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი მაკრონს ელისეის სასახლეში ხვდება
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს