11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა საფრთხეშია- “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი”

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადებას ავრცელებს  იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

“იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ძირს უთხრის მის დამოუკიდებლობას და სანდოობას.  უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს იურიდიული დახმარების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა. 2014 წლამდე იურიდიული დახმარების სამსახური შედიოდა სხვადასხვა სამინისტროების დაქვემდებარებაში, ხოლო 2014 ის შემდეგ ის გახდა ფორმალურად დამოუკიდებელი უწყება რომლის მმართველ ორგანოში-იურიდიული დახმარების საბჭოში წევრების უმრავლესობას ირჩევენ სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაცია, ასევე თავად სამსახურის ადვოკატები. იურიდიული დახმარების საბჭო კონკურსის წესით ირჩევს სამსახურის დირექტორს.

მიმდინარე წლის 30 იანვარს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირა, რომლის თანახმად საბჭოს წევრების უმრავლესობას მმართველი პარტია და სასამართლო კლანი ყოველგვარი კონკურსის გარეშე პირდაპირ შეარჩევენ, ხოლო სამსახურის დირექტორს ამ საბჭოს წარდგინებით დანიშნავს პრემიერ მინისტრი. კანონის შემოთავაზებული ვერსია აუქმებს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობას და მას მმართველ პარტიას და სასამართლოს კლანს პირდაპირ უქვემდებარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს სოციალურად დაუცველ ფენებს რომელთათვის აღნიშნული სამსახური სახელმწიფოს ჩაგვრის და თვითნებობისგან თავის დასაცავად მაშველ რგოლს და იმედს წარმოადგენს. ეს ინიციატივა არის ბოლო დროინდელი ტენდენციის გაგრძელება, რაც დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებაში გამოიხატება. ყოველივე აღნიშნული აზიანებს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, შესაბამისად, ასეთი კანონი არ უნდა იქნას მიღებული.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით”,_ წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჭეიშვილი: “ოპოზიციური ალიანსი” არჩევნებამდე მარტივ მამრავლებად დაიშლება, ჩვენც, მათ დავეხმარებით დაშლაში
შემდეგი სტატიაზელენსკი: თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზადაა, მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანშია შესაძლებელი