15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

იურიდიული დახმარების სამსახური კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება

იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი “ოცნების” პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს.

ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.

ამასთან, იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს − იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ირჩევს, 3 წევრს − სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან ბიუროები არჩევენ, 1 წევრს იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან − იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით აკომპლექტდება. მათგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − გენერალური პროკურორი, 1 − მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − სახალხო დამცველი და 1 − ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად კი, მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი განისაზღვრება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება 2026 წლის 1-ელი მაისიდან შეუწყდება და მიეცემა კომპენსაცია 3-თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2026 წლის 1-ელი აპრილიდან კი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების უფლებამოსილება შეწყდება.
საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ორი კვირის ვადაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატის შერჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა უნდა უზრუნველყოს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორი და ინიციატორი “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, მათი განმარტებით, ცვლილებები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და მისი მონიტორინგის ეფექტურობის ზრდას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ოცნებას” არა მარტო არ აღიარებენ, მათ მიღმა იწყებენ საქართველოში მოქმედებას” – ელენე ხოშტარია ეუთოზე