იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.