ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეები მათ ტაშით შეხვდნენ.
“ახლანდელი რეჟიმი შეუსაბამოა. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება. [ევროპული გზა] წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მივყვებით [ევროპარლამენტის] მიღებულ რეზოლუციას.
აქ ვართ ფაქტების დადგენის მისიით, ასევე, იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რომლებიც ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინაიდან, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ასევე, გვაქვს მოლდოვა, რუმინეთი, სადაც იგივე სცენარია. ასევე, უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს – მხარი დაუჭიროს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ ეშინოდეს, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რეჟიმის დამარცხების, ვინაიდან, ყველაფერი ამ კონკრეტული ცენტრიდან მოდის…
აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად – ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის – ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარების დელეგაციამ 12 დეკემბერს დახურული შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ კოალიციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ.
დელეგაციის წევრებმა გაუსვეს სამართლიანი არჩევნებისა და ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობის აუცილებლობას. ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი.