“იტყუება ოთარ კახიძე, რადგან სტრასბურგის სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია”

ეკა ბესელიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობის საჩივარი დასაშვებადაა მიჩნეული და ძალაში არ შედის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

“ქართული ოცნების” წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, გადაწყვეტილება იქამდე არ ამოქმედდება, ვიდრე დიდი პალატა მთავრობის საჩივარს საბოლოოდ არ განიხილავს.

“მათ შორის, ეს ეხება გადაწყვეტილებას, რომლითაც გარკვეული საჯარიმო სანქციები იყო განსაზღვრული. გადაწყვეტილება იქამდე არ ამოქმედდება, ვიდრე დიდი პალატა ამ საჩივარს საბოლოოდ არ განიხილავს. მთავრობის საჩივრის განაცხადის დასაშვებად ცნობა ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ამ საქმეზე სრული შემადგენლობით იმსჯელებს”, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს.

“იტყუება არა იუსტიციის მინისტრი, როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, არამედ – თავად კახიძე, რადგან უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არავითარ პოლიტიკურ დევნაზე არ უსაუბრია და ამაზე არც დიდი პალატა იმსჯელებს. ასეთი ტერმინოლოგიით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მსჯელობს და გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ბატონ კახიძეს და მის მეგობრებს მოუწევთ, დიდი პალატის გადაწყვეტილებას დაელოდონ. წინასწარი დაპირებებით და პოლიტიკური ლოზუნგებით ეს გადაწყვეტილება ვერც დაჩქარდება, ვერც შეიცვლება და ვერც მათთვის სასურველ სახეს მიიღებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას
შემდეგი სტატიასენატორი მარკ სენფორდი: დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში მყარად გაიდგა ფესვი