იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დაზიანება არ მიუღია​

იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში მყოფ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დაზიანება არ მიუღია​, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთაგან ორი საავადმყოფოში მხოლოდ სტრესის მოსახსნელად გადაიყვანეს.

„იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია. მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმებმა ჩვენს კონსულს განუცხადეს, ჰოსპიტალიზების მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი. არც ერთი მათგანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტობუსში სულ 55 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 36-ია დაშავებული. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელი.

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი. „ბიბისის“ ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო. იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეებიც არიან.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატია2020 წლიდან Prada ცხოველის ბეწვს არ გამოიყენებს