15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

იტალიის სენატში გაიმართება დოკუმენტური ფილმის – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი”

იტალიის სენატში გაიმართება დოკუმენტური ფილმის – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – ჩვენება და დისკუსია, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია.
ღონისძიება ფილმის ერთსაათიანი ჩვენებით დაიწყება, რის შემდეგაც, რომის დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე), დისკუსია გაიმართება. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.
იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და ფედერალისტების, აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის და ტაბულას ორგანიზებით გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: Azione-ს სენატორი მარკო ლომბარდო; მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატი და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ფილინი და “დემოკრატიული პარტიის” სენატორი ფილიპო სენსი. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ჯაკომო ფერარა და პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დისკუსიას Il Foglio-ს ჟურნალისტი და ავტორი მიკოლ ფლამინი გაუძღვება.
რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანია 2022 წელს დაიწყო. მას შემდეგ გამოფენები და ფილმის სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები საქართველოს არაერთ ქალაქში, აშშ-ს კონგრესში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში გაიმართა.
კამპანიის მიზანია, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

banner
წინა სტატიაშიქართველ-ებრაელი ექიმი Flydubai-ის ბორტზე მომხდარს იხსენებს — „მივხვდით, რომ ეს იყო ტერაქტი“
შემდეგი სტატიაგაგრის ოკუპაციიდან 34 წელი გავიდა