იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში 35 წლის საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. იგი ადგილობრივ რესტორანში დანაშაულის ჩადენისას, ცხელ კვალზე აიყვანეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან Roadhouse-ში მოხდა. საქართველოს მოქალაქემ დაწესებულებაში არსებული ხალხმრავლობითა და არეულობით ისარგებლა და ბოსნიის მოქალაქეს წელის ჩანთა მოპარა, რომელშიც პირადი ნივთები და 2 000 ევრო ნაღდი ფული იდო.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა სან-დონას საგზაო პოლიციის პატრულმა, რომელიც ტერიტორიას ამოწმებდა, იგი რესტორნის შესასვლელთანვე შეაჩერა და დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, დაკავების მომენტში მას მოპარული ჩანთა ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც დაჩქარებული წესით წარიმართება.
პოლიციამ ამოღებული ნივთმტკიცება და 2 000 ევრო დაზარალებულს სრულად დაუბრუნა.








