Ladige-ს ინფორმაციით, იტალიაში ქართველი მომვლელების უკანონოდ დასაქმებისთვის 29 პირი დააკავეს.
იტალიის ფინანსთა პოლიციამ ბოლცანოს პროკურატურის კოორდინაციით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და შრომითი ექსპლუატაციის სქემა გაშიფრა. გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის სათავეში ორი ქართველი ქალი იდგა, რომლებიც თანამემამულეებს საქართველოში იბარებდნენ და იტალიაში უკანონოდ ჩაყვანას უზრუნველყოფდნენ. პერსონალური მონაცემების გაყალბებითა და ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებით, 100-ზე მეტ ქართველ ქალს ევროკავშირის მოქალაქეებად ასაღებდნენ, რათა გვერდი აევლოთ უცხოელი მუშახელის დასაქმების კვოტებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, ოჯახების სანდოობის მოსაპოვებლად ჯგუფი მერანოში მოქმედ დასაქმების სააგენტოს იყენებდა. იტალიაში ჩასული ქალები მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ – ზოგს ართმევდნენ საბუთებს, გადაჰყავდათ ოჯახიდან ოჯახში მათი თანხმობის გარეშე და აიძულებდნენ, ხელფასის ნაწილი ე.წ. „შუამავლებისთვის“ გადაეხადათ.


















