იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე რომის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

„საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კომუნიკაციაში არის რომის ერთ-ერთ კლინიკაში განთავსებულ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი.

საქართველოს საელჩო ასევე მუდმივ კომუნიკაციაში არის იტალიის შესაბამის სამსახურებთან. როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული საქართველოს მოქალაქე დაუკავშირდა საელჩოს ჩივილებით, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. დღევანდელი მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საელჩო ასევე, მუდმივ კომუნიკაციაშია იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„რაც შეეხება საქართველოს სხვა მოქალაქეებს, საელჩო ასევე მუდმივ კომუნიკაციაში არის მათთან. მათი მდგომარეობა კარგია; არ აღენიშნება არც ერთ მოქალაქეს რაიმე სიმპტომი, ისინი ჯანმრთელად გრძნობენ თავს. როგორც აღვნიშნე, ჩვენი საელჩო, საკონსულო სამსახური მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ქართველებთან, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან იტალიაში. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება სიმპტომი ამ ვირუსის“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდეს იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული ნორმები და რეკომენდაციები.

როგორც კი, იტალიაში გავრცელდა ეს ვირუსი, გავავრცელეთ განცხადება და მოვუწოდეთ საქართველოს მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გამგზავრებულიყვნენ იტალიაში, არ ემოგზაურათ, თავი შეეკავებინათ იმ რეგიონებში განსაკუთრებით, სადაც არის მაღალი მაჩვენებელი. დღესაც ვთხოვთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ეს განცხადება და მოწოდება. რაც შეეხება საელჩოს, საელჩო განაგრძობს 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას. როგორც იცით ჩართული არის ცხელი ხაზი, რომელიც ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან იტალიაში, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული ნორმები, რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება გვექნება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის
შემდეგი სტატიააზარტული თამაშის რეკლამის გამო საპატრიარქომ ვებგვერდიდან არხის პირდაპირი ეთერი მოხსნა